დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მითუმეტეს, გაფართოვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების პირობებში, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობას გააგრძელებს ასევე „დემოკრატებთანაც", რათა ქვეყანამ ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს.
„მთავარი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურად მოვიდა ადამიანი, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ ომის ვითარება არა ერთ სახელმწიფოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, კაცობრიობას ქვესკნელისკენ გააქანებს. ამის განცდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც მხარი დაუჭირა ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპს. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობას არ გავაგრძელებთ „დემოკრატებთან", რადგან ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ეს რასაკვირველია, ჩვენი მიზანია. ჩვენ, საქართველოს, პატარა ქვეყანას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომელიც ეჭვს შეიტანს მის საგარეო კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, მის ერთგულებასთან დაკავშირებით საერთო საკაცობრიო პრობლემების მიმართ. რასაკვირველია, ჩვენი ერთგულება არის უცვლელი ამ პრინციპების მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მით უმეტეს, გაფართოვდება.
ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლა ვიმეორებთ, რომ ურთიერთობების გადატვირთა უნდა მოხდეს. პატარა სახელმწიფო, საქართველო, თავისი მცირე რესურსებით, არასდროს გვერდით არ გადგომია საერთო საკაცობრიო პრობლემებს და ყოველთვის იყო ერთგული პარტნიორი ყველასათვის, ვინც ამ იდეალებისთვის იბრძოდა. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.