ყველა, ვინც იტყვის, რომ რუს ოკუპანტს, მკვლელს, სეპარატისტს მიემართება ბოდიში, ის არის მატყუარა, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, ბოდიშის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.
„ბოდიში მიემართება ურთიერთ პატიების შემთხვევაში ჩვენს თანამოძმე ოსი და აფხაზი ეროვნების ადამიანების მიმართ. აქ საუბარი არ არის მკვლელზე, ყაჩაღზე, ოკუპანტზე, სეპარატისტზე. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც, მაგალითად, შვილი მოუკლეს - ორივე მხარეს; რომლებსაც ოჯახის წევრი მოუკლეს. თუ დავიწყეთ გარჩევა, აქ რომელი იყო ქართველი, რომელი იყო ოსი და ა.შ. ვერასდროს შევრიგდებით. ურთიერთ მიტევება მოითხოვს შერიგების განუყრელ პოლიტიკას, სადაც ურთიერთ მიტევება და შერიგება იქნება დომინანტი, გადამწყვეტი საქართველოს ტერიტორიებისა და ხალხის გაერთიანების პროცესში. ამიტომ უნდა შევძლოთ ურთიერთ მიტევება და არა მკვლელების პატიება, მით უმეტეს ბოდიში არც უგულისხმია არავის, არც იგულისხმებს არასოდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.