„სმარტმატიკი“: ცესკომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმატებით მოახერხა საარჩევნო პროცესის მოდერნიზება

„სმარტმატიკი“: ცესკომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმატებით მოახერხა საარჩევნო პროცესის მოდერნიზება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომპანია „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით წარმატებულად მოახდინა საკვანძო საარჩევნო პროცესის მოდერნიზება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სტატიას ამ შინაარსით „სმარტმატიკი“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სმარტმატიკთან“ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებისა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის მოწყობილობების დანერგვა 2021 წლიდან ხუთი საპილოტო პროექტით დაიწყო.

„ელექტრონული ტექნოლოგიები ორგანულად დაინერგა საქართველოს საარჩევნო პროცესში“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა. „საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ამ დანერგვის თითოეული ეტაპი წარმატებით შესრულდა“.

„სმარტმატიკმა“ ცესკოს 4 876 ოპტიკური სკანერი გადასცა, რომელსაც ხელით შევსებული ბიულეტენის წაკითხვა შეუძლია. ამ მოწყობილობებს ზუსტად შეუძლიათ ამომრჩევლის ნების სკანირება, ხმების დათვლა და შედეგების კონსოლიდირება.

„სმარტმატიკმა“ აგრეთვე ცესკოს მიაწოდა 7 508 ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატი და მონაცემთა გადაცემისთვის საჭირო ციფრული პლანშეტები.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი ტექნოლოგიების ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოწყობილობების 99,87% უნაკლოდ იმუშავა, ხოლო შედეგების 100% ელექტრონული სახით არჩევნების დასრულებიდან ორ საათზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ტექნოლოგიების საიმედოობა აღნიშნეს: „საერთო ჯამში საარჩევნო უბნები კარგად ორგანიზებული იყო, ხოლო კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ ჩაიარა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო“, - მოყვანილია სტატიაში ამონარიდი IRI-ის წინასწარი დასკვნიდან.

ტექნოლოგიების საიმედოობის გასამყარებლად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია Pro V&V დაპატიჟა, რომელმაც ახალ ტექნოლოგიებს აუდიტი ჩაუტარა. შემოწმებამ დაამტკიცა, რომ „სმარტმატიკის“ ოპტიკური სკანერები და იდენტიფიკაციის მოწყობილობები გამართულად ფუნქციონირებდა.

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეპოქაა, რადგან ეს იყო პირველი არჩევნები, რომლის დროსაც მოსახლეობის 90% თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ჰქონდა, - აღნიშნულია სტატიაში.

„მრავალ საარჩევნო უბანზე პირველად გამოიყენეს ელექტრონული მოწყობილობები და ამომრჩევლის იდენტიფიკაციის, ხმების დათვლის და წინასწარი შედეგების გადაცემის აპარატები. ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ იყო მხარდაჭერილი“, - ნათქვამია ეუთოს წინასწარ დასკვნაში.

„სმარტმატიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტონიო მუგიკამ საქართველო შეაქო: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ექსტრაორდინარული ამოცანა შეასრულა. მოწინავე პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მათ წარმატებით განახორციელეს ტექნოლოგიების პირველი საერთო-საყოველთაო გამოყენება. ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოდერნიზაციის ამ საქმეში“.