„ჰო ხედავთ უკვე რა მაგარი ამბავია, პირველი სერიოზული შედეგი იმის, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული, ეს რა მაგარი ამბავია“, - ეს განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა, მაშინ, როდესაც თეთრიწყაროს მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოცხადებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
მოსამართლემ, ბიულეტენის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 22:00 საათზე გამოაცხადა, ალეკო ელისაშვილმა კი პირდაპირ ჩართვაში რამდენიმე წუთით ადრე თქვა ის, რაც წესით არავის უნდა სცოდნოდა, ვიდრე მოსამართლე არ გააჟღერებდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ გაცილებით ადრე გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმაც“, რომელმაც ვებ-გვერდზე 18:53 საათზე დაწერა: „თეთრიწყაროს სასამართლომ დაადგინა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“.
საიდან ჰქონდათ ინფორმაცია როგორც „მთავარ არხს“, ასევე, ალეკო ელისაშვილს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ იქამდე, სანამ მოსამართლე მას არ გააჟღერებდა, ჯერ უცნობია.