თამარ კორძაია - „პროვივის“ აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი, უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობა„პროვივის“ აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იყო გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი აჩენს უფრო მეტ კითხვას, ამიტომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობა, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიამ ბრიფინგზე „პროვივის“ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოძიებამ „სმრატმატიკის“, „პროვივისა“ და ცესკო-ს საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
„ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობა. ცესკო-ს მიერ საზოგადოებისთვის არჩევნების კანონიერად ჩატარების დამადასტურებლად აუდიტის სამსახურის 23-24 ოქტომბერს ჩატარებული დასკვნის ფარატინა ქაღალდების აფრიალება ადასტურებს იმას, რომ გაცილებით მეტი კითხვა არსებობს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხი. თითქოს ამ დასკვნებს პასუხი უნდა გაეცა ყველა კითხვაზე, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ეს დასკვნები არ ადასტურებს ტექნოლოგიურად არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას, პირიქით, 2 100 000 ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების არანაირი მტკიცებულება ეს დასკვნები არ არის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებამ სამივე პასუხისმგებელი პირის საქმიანობა უნდა შეისწავლოს – „სმრატმატიკის“, „პროვივის“ და ცესკო-ს. აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იქნა გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს. პირველ რიგში, არ იყოს შესწავლილი ქაღალდის შესაბამისობა სტანდარტთან, იმ სტანდარტთან, რაც განსაზღვრულია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. არ იყო შესწავლისას ცესკო-ს მიერ დასმული საკითხი სმარტმატიკის დანართების შესაბამისობასთან დაკავშირებით, მან თვითონ განუსაზღვრა ის კრიტერიუმები, რაზეც უნდა გაეცა აუდიტის სამსახურს პასუხი, ამიტომ ეს აცდენა უკვე ძალიან სერიოზული ფაქტორია შესწავლის თვალსაზრისით. არ არის შესწავლილი მარკერის შესაბამისობა სტანდარტებთან, მიუხედავად იმისა, რომ მარკერის სტანდარტზე საუბარია აუდიტის სამსახურში, სწორედ ის პრობლემა, რომელიც გამოვლინდა, წინასწარ არ იყო შესწავლილი და შეფასებული“, – განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, დიდი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო, „პროვივი“ და „სმარტმატიკი“ მოქმედებდნენ ერთობლივად, რათა საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულიყო კანონიერად.
„აუდიტის დასკვნებში არ არის შესწავლილი კონვერტის სტანდარტი და ბიულეტენის ფარულობის დაცვის ხარისხი ბიულეტენის აპარატში შეცურების პროცესში, თითქოს ყველა პროცედურა გაითვალისწინეს, მაგრამ ეს პროცედურა არ არის შესწავლილი და არ არის ახსნილი. ასევე, ამ დასკვნებში არ არის პასუხი, თუ რატომ ვერ ატარებდა ვერიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს და რატომ გახდა მასობრივად პირადი ნომრების ხელით შეყვანა საჭირო არჩევნების დღეს. არ არის პასუხი, რატომ ხდებოდა ვერიფიკაციის აპარატების დესინქრონიზაცია საარჩევნო დღეს და რა რისკების მატარებელი იყო მსგავსი ქმედება არჩევნების მანიპულაციასთან მიმართებაში. არ არის პასუხი, რატომ გაკეთდა რეკომენდაცია ნაკლებად რთული მოწყობილობის, როუტერის გამოყენებაზე. კონკრეტულად, რა რისკებს შეიცავდა მრავალფუნქციური როუტერი არჩევნების კანონიერად ჩასატარებლად და რა შედეგი შეიძლებოდა, ამას გამოეწვია. ამაზე პასუხებიც საერთოდ არ არის გაცემული არცერთ დასკვნაში. ასევე, არ არის პასუხი, რატომ არ შემოწმდა ტექნიკის შესაბამისობა „სმარტმარიკის“ ხელშეკრულებითა და დანართებით განსაზღვრულ სტანდარტთან და რატომ შემოწმდა მხოლოდ ცესკო-ს მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში? ეს და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 2 100 000 ამომრჩევლის ხმა გახდა საეჭვო, რადგან სამუშაოები არ შეასრულეს სათანადოდ და პირიქით, დიდი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო, „პროვივი“ და „სმარტმატიკი“ მოქმედებდნენ ერთობლივად იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულიყო კანონიერად“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.