პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი პოლიტიკური პასუხი გასცა "ხავსმოჭიდებული" ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაციული "არგუმენტების" თითოეულ „ფაქტს“„ - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა რადიკალურ ოპოზიციას პასუხი 26 ოქტომბერს გასცა, საბოლოო სამართლებრივ პასუხს კი ცესკო გასცემს, სასამართლო განხილვების შემდგომ.
ექსპერტის თქმით, 2020 წლის არჩევნებთან შედარებით წელს განახევრებული იყო დარღვევების რაოდენობა, ოპოზიციის დამკვირვებლების რაოდენობის მიუხედავად საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე მხოლოდ 9 განსხვავებული აზრი დაფიქსირდა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოქვეყნებულ რუკასთან დაკავშირებულ სპეკულაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შავად შეღებილ ოკუპირებულ ტერიტორიებში, უფრო მკაფიოდ უნდა გამოიყოს ახალგორი და კოდორი იმისთვის, რომ იმ თაობამ, რომელსაც არ ახსოვს ვინ, როდის დათმო ტერიტორია, კარგად აღიქვას საქართველოს რუკა.
„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი პოლიტიკური პასუხი გასცა "ხავსმოჭიდებული" ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაციული "არგუმენტების" თითოეულ "ფაქტს". საბოლოო სამართლებრივ პასუხს გასცემს ცესკო, შესაბამისი სასამართლო განხილვების შემდგომ. ხოლო, საბოლოო ელექტორალური პასუხი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ისედაც გასცა და ის გადახედვას არ ექვემდებარება.
პასუხი გასცა თუნდაც 2020 წელთან შედარებით, თითქმის განახევრებული დარღვევების რაოდენობით: 1170 საჩივარი წინა 2054 საჩივრის წინააღმდეგ. პასუხი გასცა იმით, რომ 25 ათასი ოპოზიციონერი კომისიის წევრებით გარშემორტყმულ 3111 საარჩევნო უბანზე, "განსხვავებული აზრი" არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მხოლოდ 9 (!) შემთხვევაში დაფიქსირდა. ამ მოცემულობაში, თუნდაც მილიონ 120 ათასი "ქართული ოცნების" ამომრჩევლების "მკვდარ სულებად" მოხსენიება ან "მოპარული" 300 ათასი ხმის ძებნა - ავადმყოფური ფანტასტიკის სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ.
რაც შეეხება რუკასთან სპეკულაციას, შავად შეღებილ ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად, კიდევ უფრო მძაფრ ფერებში გამოვყოფდი კოდორის ხეობას და ახალგორს - თუნდაც იმიტომ, რომ GenZ-ის კიდევ უფრო აღშფოთებული შეშფოთება გამომეწვია ამით. ანუ, იმ თაობის, რომელსაც "არ ახსოვს" ან "არ უნდა" დაიჯეროს - ვინ, როდის და რანაირად გამოიწვია ოდესღაც ერთფეროვან საქართველოს რუკაზე ეს ფრაგმენტალური ფერების აღრევა,“- წერს დავით ქართველიშვილი.