მაკა ბოჭორიშვილი: საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან

მაკა ბოჭორიშვილი: საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსით პირველად ფასდება საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობა და ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან“.

მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშში მოყვანილ პოზიტიურ  შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს საფუძველს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი.  ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, ასევე სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა და მცირე და საშუალო საწარმოთა (SME) მხარდაჭერის პოლიტიკა.

აღსანიშნავია ასევე პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებით როგორიცაა ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, მაგალითად, სურსათის უვნებლობა, საბაჟო კონტროლი, საჯარო შესყიდვები, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და კონკურენციის პოლიტიკა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან, რათა საქართველოს ტერიტორიის და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება არ მომხდარიყო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად“-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.