ამ წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შინაარსი თვისებრივად განსხვავდება იმ შინაარსისგან, რაც ჩვენ გვახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლაში იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლამდე იუსტიციის სამინისტრო იყო რეპრესიული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი.
„მინდა, გავიხსენო, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე და რა საქმიანობით იყო დაკავებული კონკრეტულად იუსტიციის სამინისტრო, რომელიც იყო რეპრესიული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. მაშინ სხვადასხვა მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო ძალიან მძიმე საქმიანობით იყო დაკავებული. კონტროლდებოდა სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე სწორედ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მიერ. სწორედ იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო აქცევდა სასამართლო ხელისუფლებას რეპრესიულ მანქანის ერთ-ერთ რგოლად. თქვენ კარგად იცით, რა ზემოქმედება ჰქონდა ამას ადამიანებზე. ხდებოდა ადამიანების უკანონო დაკავება, უკანონოდ დაპატიმრება, მათთვის სასჯელების შეფარდება, გამამართლებელი სასჯელების სტატისტიკა იყო 0,1 პროცენტზე ნაკლები და ა.შ. ხდებოდა ქონების გადააფორმა 10 000-ზე მეტ ბიზნესმენს სახელმწიფოზე გადააფორმებინეს ქონება და ამ ყველაფრის ეპიცენტრში იდგა თავის დროზე იუსტიციის სამინისტრო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, 2012 წლამდე, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემა იმართებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ, ყველას ახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანასა და ციხეებში.
„პატიმრების რაოდენობა რეპრესიული სისტემის გამო შეადგენდა თითქმის 25 000 და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო უკიდურესად მაღალი. 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში ყოველწლიურად, რაც იყო იმ რეჟიმის შედეგი, რაც მაშინ იყო ჩამოყალიბებული ციხეებში. უმძიმესი ვითარება იყო ციხეებში, პატიმრების მიმართ მოპყრობა იყო უმძიმესი, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა მათ მიმართ, იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრი და მაშინდელი იუსტიციის სამინისტრო.
იუსტიციის სახლებს რაც შეეხება, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცდილობდნენ, ამ 12 იუსტიციის სახლით დაეკომპენსირებინათ ის წამების სისტემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ქვეშ მოქმედებდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.