იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია

იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია

"დღეს, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური შეფასების ანგარიში. შეფასების ანგარიში მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების, თურქეთის, ასევე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შეფასებას" -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უკვე მეორედ აფასებს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ხარისხს.

წარმოდგენილი ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციის, ქართველი ხალხის ნების და ასოცირების შეთანხმების წარმატებული შესრულების, გათვალისწინებით გააკეთა.

გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაეფუძნა სწორედ იმ პროგრესის შეფასებას და ანალიზს, რაც ევროკომისიამ გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც ცხადყოფდა საქართველოს წინსვლას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსით პირველად ფასდება საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობა და ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან.

მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს საფუძველს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, ასევე სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა და მცირე და საშუალო საწარმოთა (SME) მხარდაჭერის პოლიტიკა.

აღსანიშნავია ასევე პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებით როგორიცაა ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, მაგალითად, სურსათის უვნებლობა, საბაჟო კონტროლი, საჯარო შესყიდვები, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და კონკურენციის პოლიტიკა.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან, რათა საქართველოს ტერიტორიის და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება არ მომხდარიყო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად;

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში  საქართველოს უკუსვლა არ აქვს.

პირიქით, იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია.

ანგარიში შეფასებებთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებს 35-ვე სფეროში.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ მათ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში.

უკვე მიღწეული პროგრესის და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი ჰქონდეს შესრულებული.

ამით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის.

საქართველო ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მიმართულებით იქცა რეგიონში მოწინავე ქვეყნად, სწორედ იმ წარმატებული რეფორმების საფუძველზე, რომელიცქართული ოცნებისმმართველობის პირობებშია გატარებული.

ამას ადასტურებს სხვადასხვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და რეიტინგები.

ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გამოცხადებული ნდობის და მოპოვებული მტკიცე მანდატის საფუძველზე დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლას და ღირსეული ევროპული მომავლისკენ ქვეყნის წაყვანას.

იმისთვის, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ არ შეფერხდეს, პროცესი უნდა წარიმართოს დიალოგის ფორმატში.

მოველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება საკმარისი ღიაობა იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესის და მისწრაფებების გათვალისწინებით, ერთად მუშაობით და თანამშრომლობით შევძლოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა უახლოეს მომავალში".