საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია რამდენიმე დღეში შეცვალა. თუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი საზოგადოებას არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელი იყო, არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც არჩევნებში საზოგადოების უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, აცხადებს, რომ არჩევნებს არ აღიარებს.
„ნუ გეშინიათ, თავისუფლების არასოდეს უნდა გეშინოდეთ. ხმები იქნება დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა. ის ხმები, ჭორები, რომ ეს აპარატი რაღაცას მოიცავს და შეიძლება იცოდნენ ვის აძლევ ხმას, ჭორებია იმისთვის, რომ ხალხში გაჩნდეს ეჭვი და შიში. ეს არის ისეთ ელექტრონული პროცედურები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს და საერთაშორისო კომპანია არ წავა იმაზე, რომ თავისი რეპუტაცია საქართველოს გულისთვის დააყენოს კითხვის ქვეშ“, - აცხადებდა პრეზიდენტი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 ოქტომბერს.
27 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.
„ეს იყო დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ჩატარდა რუსული არჩევნები, „წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება“.