გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12-წლიანმა და განსაკუთრებით ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ 4 წლის თავზე თვისებრივად განვითარების სხვა დონეზე გადავიდეს ქვეყანა, რაც არის სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა.
„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზეც გვქონდა საუბარი, ეს არის მაგალითად ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე, რაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არის სავსებით რეალური. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი და აქაც სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებული. 4 პროცენტს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4 პროცენტს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი, სულ მცირე 300 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ესეც არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა სავსებით რეალურია ამ მიზნის შესრულება, ამისათვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა.
ჩვენ გვინდა, სულ მცირე 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რაც სავსებით რეალურია და ამისთვისაც არის ძალიან კარგი საფუძვლები შექმნილი გასული წლების განმავლობაში. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება, მათ შორის საგზაო პროექტები და მრავალი მიმართულებით გვაქვს ასეთი პროექტები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.