მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა ევროკავშირის მიმართულებით, ვიცით ისიც, რომ ხალხის ეს მიზანი კონსტიტუციაშია გაცხადებული, – ამის შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ განაცხადა.
პიტერ კაუმას კითხვა დაუსვეს, დაეხმარებოდა თუ დააბრკოლებდა არჩევნებზე მათი შეფასებები საქართველოს ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნებას. კაუმამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი მთავრობის მიერ ევროკავშირის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
„ძალიან ნაადრევია ამაზე საერთოდ რამის თქმა. ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ, რა სახის მთავრობა იქნება და რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა ევროკავშირის მიმართულებით. ისიც იცით, რომ კონსტიტუციაშია ეს გაცხადებული და ეს არის ამ ხალხის მიზანი“, – განაცხადა კაუმამ.
პია კაუმამ ასევე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდებოდა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, როგორც უბნების გახსნას, ასევე ხმების დათვლის პროცესს.
„ჩემთვის პატივი იყო ხელმძღვანელობა იმ გუნდისა, რომელიც შედგებოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 60 წარმომადგენლისგან 22 სხვადასხვა ქვეყნიდან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგად დახვდნენ მთელ ქვეყანაში, არა მარტო თბილისში, არამედ თელავში, სიღნაღში, გორში, ბორჯომში, ბოლნისში, ახალციხესა და ბათუმში. პირადად მე მქონდა პატივი, რომ დავკვირვებოდი არჩევნების პროცესს თბილისში და ასევე, ვნახე, თუ როგორ იყვნენ ჩართულნი მოქალაქეები. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას სტუმართმოყვარეობისთვის, რაც გამოიჩინეს ჩვენი დამკვირვებლების მიმართ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ყველა ნაბიჯს კენჭისყრის დღის განმავლობაში, რაც გულისხმობდა უბნების გახსნას, ასევე ხმების დათვლას. ჩვენი მისიის დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი უბნების ნახევარზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მე შევეხები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას, რადგანაც მეც ამ შემადგენლობაში უმცირესობას წარმოვადგენ. მე შევხვდი კენჭისყრის დღემდე სხვადასხვა ქალს, ასევე შევხვდი აქტიურად ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული კვოტების გაუქმება არის უარყოფითი შედეგის მომტანი და ეს აბრკოლებს არა მარტო მათ მნიშვნელოვან როლს, არამედ ასევე, შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს მათ მოთხოვნაზე, რომ უფრო მეტი წარმომადგენლობა იქნეს მიღწეული.
ბოლოს, მინდა ასევე ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც არსებობდა ბოლო თვეების და წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, კიდევ „უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ეს ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ხელახლა უნდა შეფასდეს პარლამენტში, დაცული იქნეს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს. რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული, რათა დაცული იქნეს ყველას თავისუფლება“, – აღნიშნა პია კაუმამ.