„ტრადიციულად გვინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ არჩევნების შედეგები. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი და საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი- აირჩია მშვიდობა და აირჩია ქვეყნის განვითარება, აირჩია ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული საარჩევნო კამპანიაში.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, საზოგადოებას იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით, ყველაზე რთულ წუთებშიც და მოგეხსენებათ არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით და გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი. ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, ჩვენს საარჩევნო შტაბებს. ქვეყნის მასშტაბით იყო შექმნილი 73 საარჩევნო შტაბი და უამრავი ადამიანი იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, აგიტაციაში, ამომრჩეველთა მობილიზებაში. რა თქმა უნდა თითოეული მათგანის წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით 1,120,000 ხმა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და ეს იყო თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე და სწორედ ამას უკავშირდება ის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ საპარლამენტო არჩევნებზე“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.