ფაქტი არანაირი არ აქვთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „საიას“ და „ისფედის“ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც არჩევნებზე მძიმე დარღვევების თაობაზე აპელირებენ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მოქალაქეებმა მოისმინეს 2020 წელსაც, რასაც მოჰყვა მათი მხრიდან მონაცემების გაყალბება და ოპოზიციის მხრიდან ამის გამოყენება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ორგანიზაციებს ფანტაზიაც კი არ ჰყოფნით, რომ ახალი ვერსია მოიფიქრონ.
„წინა არჩევნების შემდეგაც, 2020 წელს მათ გააკეთეს ასეთი განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. სინამდვილეში მოხადა რა, მათ გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები და ეს გამოიყენა ოპოზიციამ მთავარ საბაბად პარლამენტში არ შესვლისთვის და იმ პროცესების დასაწყებად, რაც ჩვენ ვიხილეთ 2021 წელს. მათ გააყალბეს მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით და მათ გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა შედეგები. ეს მოხდა 2020 წელს. იგივე მდინარეში შედიან ახლაც. ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შეხვალ. ფანტაზიაც არ ჰყოფნით, რომ ახალი მოიფიქრონ. ზუსტად იგივე მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს ადგილი. ვერ ახერხებენ ვერსიების მოფიქრებასაც კი. მესმის, რომ მათი მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.