მთავარი იყო ის ძირითადი გზავნილები, რაც ჩვენ გვქონდა და რაც იყო ძალიან დამაჯერებელი იმიტომ, რომ ეს გზავნილები ეფუძნება იმ რეალობას, რომლის წინაშეც იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ამომრჩევლების მაღალი მობილიზების განმაპირობებელ მიზეზებზე საუბრისას.
„მთლიანობაში ბევრი ფაქტორი იყო, მთავარი იყო ის ძირითადი გზავნილები, რაც ჩვენ გვქონდა და რაც იყო ძალიან დამაჯერებელი იმიტომ, რომ ეს გზავნილები ეფუძნება იმ რეალობას, რომლის წინაშეც იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. სინამდვილეში ეს არჩევნები რეალურად იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და ამ გზავნილს გაჰყვა რა თქმა უნდა, ჩვენი ამომრჩეველი იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ხელშესახები პრობლემა, რის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული. შესაბამისად, ქართველი ხალხი გამოვიდა ასეთი მობილიზაციით სწორედ მშვიდობის დასაცავად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ტრადიციული ფასეულობების დაცვის გზავნილზეც და აღნიშნა, რომ ამ საკითხშიც არის გარკვეული მძიმე ტენდენციები, რაც არ მოსწონს ქართულ საზოგადოებას.
„და ჩვენ ვპირდებით ქართულ საზოგადოებას დაცვას გარკვეული არასწორი პროცესებისგან და ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც განაპირობებდა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციას”, - აღნიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც თავისი მკაფიო ხედვა ჰქონდა წარდგენილი სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.
„რაც მთავარია, ამ ხედვას ზურგს უმაგრებს წარსული გამოცდილება. ეკონომიკა არის მთავარი ფაქტორი ქვეყნის გაძლიერებისთვის, მათ შორის თუნდაც, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებისთვის. ჩვენ გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა. ეს აისახა უმუშევრობის შემცირებაზე, სიღარიბის შემცირებაზე და ასე შემდეგ. თქვენ იცით, რა ტემპებით ვითარდება ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.