ჩვენ ველით ურთიერთობების გადატვირთვას და ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. განსაკუთრებით ინტენსიურად დაიწყება ეს პროცესი მომავალი წლიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე ეს შეიძლება იყოს პირველადი პროგნოზით მოაზრებული. მაქსიმუმ მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ -სთან. თქვენ იცით, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ უკიდურესად არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს და ვფიქრობთ, რომ მალევე გამოჩნდება პირველივე ნიშნები ამ მიმართულებით და უკვე მომავალი წლის პირველივე თვეებიდან ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.