ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა და ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ გადასცა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე ორწელიწად-ნახევარი გავიარეთ თქვენთან, ჩვენს ხალხთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როცა ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას ვის გადასცეს ის. ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა იმ ორ-ნახევარ წელიწადთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა, მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ გადასცა. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველა მხარდამჭერს ამ დიდი ნდობისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.