ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები. პირველ რიგში, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.
ასევე დარეგულირდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას გახდის უფრო ცხადს და სამართლიანს", - განაცხადა პრემიერმა.