გვყავდა 120 ათასი ადამიანი დაორგანიზებული. ამის ზემოთ იმდენი ადამიანი მოვიდა, რისი მოლოდინი ჩვენც კი არ გვქონდა. ეს იყო 2012 წლის ემოცია თავისი ბერას სიმღერით დამთავრებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ემოციური დღე იყო. გაგიმხელთ იმ ამბავს, რა დაგვემართა [ხალხის] რაოდენობასთან დაკავშირებით. იმდენი ხალხი მოვიდა, ვერანაირად ვერ გავთვალეთ სად დაგვემონტაჟებინა დინამიკები და ეკრანები. სადაც დინამიკები და ეკრანები აღარ იყო, ათეულობით ათასობით ადამიანი იქაც იდგა, თუმცა ხმა კარგად არ ისმოდა. ზოგი აბრუნდა და ზედა ქუჩით ჩამოვიდა სცენის მეორე მხარეს, რომ მოესმინათ მაინც. მინდა არა მხოლოდ სიხარული გამოვხატო და ემოცია გაგიზიაროთ, არამედ დიდი მადლობა ვუთხრა ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჩვენს მოქალაქეებს. განსაკუთრებით თბილისელებს.
დაახლოებით 120 ათასი ადამიანი გვქონდა გათვლილი. დღეს დილიდან ხომ ჰქონდა ოპომედიას და ოპოზიციას ისტერიკა რაიონებიდან მოჰყავთ ხალხიო. მოგვყავდა, აბა რას ვშვრებოდით?! ვისაც უნდა ხოლმე წამოსვლა, აბსოლუტურად ყველას ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ ხოლმე ამ დროს. ასე გვყავდა 120 ათასი ადამიანი დაორგანიზებული. ამის ზემოთ იმდენი ადამიანი მოვიდა, რისი მოლოდინი ჩვენც კი არ გვქონდა. ეს იყო 2012 წლის ემოცია თავისი ბერას სიმღერით დამთავრებული. მაგასაც თავი რომ დავანებოთ, თუ რაოდენობაზეა საუბარი, მოსული იყო უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანების და მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმისთვის, რომ ასე მაგრად დგანან, ასე სწორად დგანან და აქ არ არის პარტიულ მხარდაჭერაზე მხოლოდ საუბარი“, - აღნიშნა მდინარაძემ.