ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, კონკრეტულ ძალებში ყოველთვის იარსებებს მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, იმისათვის, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი.
„რაც შეეხება ომს და მშვიდობას, ეს არის აბსოლუტურად რეალური დილემა, რომლის წინაშეც ახლაც დგას ჩვენი ქვეყანა. უფრო ინტენსიური იყო პროცესები 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში. ყველაზე მძიმე მაშინ იყო ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ეს პრობლემა დღესაც სახეზეა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიდრე პირველი ფრონტი არის ძალაში, მეორე ფრონტის ინტერესიც არსებობს. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი - უმარტივესი ლოგიკაა. მანამდე, ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, ყოველთვის იარსებებს კონკრეტულ ძალებში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, იმისათვის, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას. ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს თავის გლობალური ამოცანები, ჩვენ შეიძლება, ამას პატივი ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ვერ გავწირავთ ამ გლობალური ამოცანების გამო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის და არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რადგან გარედან იყვნენ მოყვანილი თავის დროზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის, სახელმწიფოს წინაშე და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფლება არ გვაქვს, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ აქ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს, ომამდეც იყო გარკვეული შეხვედრები, ომის შემდეგი დღეები იყო ერთმანეთზე მძიმე. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება კონკრეტულად ის ფაქტიც, რაც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა თავის დროზე, ჩვენ არ ვასახელებთ, ვინ იყო შეხვედრის მეორე მხარე, მაგრამ შედგა უმძიმესი დიალოგი, რასთან დაკავშირებითაც მაშინ ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა. უმძიმესი შინაარსის დიალოგია. გეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება, განხორციელდეს მთელი ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ სამი მილიონი ხართ, ვერ გაგწყვიტავენ ბოლომდე და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ამაზე იყო სიტყვასიტყვით საუბარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.