სახელისუფლებო რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების თაობაზე ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიას შეეხო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის დესტრუქციულად მიმდინარეობის სურათის შექმნის მცდელობა. სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციას დარღვევების შესახებ ხელშესახები არაფერი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე საჯაროდ ატეხდა დიდ აჟიოტაჟს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია გადატრიალებისთვის ემზადება. ამისთვის მზადება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ისინი წლებია წვეთობით ცდილობენ დააგროვონ ეს ნეგატიური ნარატივი და რაც მთავარია, ტყუილი და დეზინფორმაცია. ჩვენ მოვისმინეთ OSCE/ODIHR-ის შუალედური დასკვნა არჩევნების წინა პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური. მასში აღინიშნა, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ ამიტომ, ახლა ოპოზიციის ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ შექმნას განცდა, თითქოს რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს.
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან მოვისმინეთ, თუ როგორ საუბრობენ რადიკალები თითიდან გამოწოვილ დარღვევებზე და საჩივრებზე. ამ საჩივრების 75 % შეეხება მმართველი ძალის მხარდამჭერი კონცერტების ირგვლივ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, საჯარო მოხელეების მხრიდან დაფიქსირებულ პოლიტიკურ აქტივობებს და ა.შ. თითიდან გამოწოვილი ბრალდებები გახშირდა OSCE/ODIHR-ის დასკვნის შემდეგ და ოპოზიცია ცდილობს შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟიო იმის, რომ წინასაარჩევნო პროცესი არ იმართება სამართლიანად. გარდა ამის, არსებობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მუშაობს სწორედ იმისათვის, რომ განიხილოს სახელმწიფო და საჯარო რესურსების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევები. არც ოპოზიცია და არც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ესწრებიან, მხოლოდ რამდენიმე NGO ესწრება კომისიის სხდომებს.
ოპოზიცია არ იყენებს იმ სივრცეს, სადაც შეუძლია დააფიქსიროს პრეტენზიები ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ არა იმიტომ, რომ არ აქვთ ამის საშუალება, არამედ იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. დარწმუნებული ვარ იოტისოდენა საფუძველი რომ ჰქონდეს, ატეხდა უზარმაზარ აჟიოტაჟს ტელევიზიებით, ბრიფინგებით და ა.შ. ასე რომ, მათ ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვთ," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.