„ხალხის ძალის“ ლიდერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა. მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, რომელიც მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების სისტემატურობის მაგალითია.
„ერთ კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ. ჩემი თანამებრძოლი მეგობარი ლევან ტერაშვილი დაიჭირეს მოგონილ საქმეზე - ე.წ. ზილების რევოლუცია. უსასტიკესად ნაწამები ადამიანი, რომელიც ვერ ინძრევა ჩააგდეს კარცერში კი არა, „აბეზიანკას“ რომ ეძახიან - 1,5 კვადრატული მეტრის ფართობზე და ერთი კვირის განმავლობაში არცერთი ლუკმა საჭმელი და არცერთი წვეთი წყალი არ მიუციათ. მესამე დღეს დაიწყეს და ყოველდღე შედიოდნენ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“. ეს ვერ ხვდებოდა, რა ეკრანის ჩართვაზე იყო საუბარი. მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა. ამის შემდეგ მისცეს წყალი და დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, შენ პირველ ადგილზე გახვედიო, შვიდი დღე არავის გაუძლია, ერთი იყო 6 დღე გაძლოო. ანუ, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი ესე იგი“, - ამბობს სუბარი.