ახალი დაწყებული ომია და კიევს მიმდგარია რუსეთი და მე პირადად საუბარში ასეთი რამეც მითხრეს, რომ თქვენ ნუ შიშობთ, ცხინვალიდან არტილერია თბილისს არ მისწვდებაო. მე ვუთხარი, 2008 წლის ფოტო თუ გაქვს ნანახი, გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის და კიო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
წამყვანმა მას ჰკითხა „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, რომ ამაზე ხშირად არის საუბარი მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. რას ითხოვდნენ დახურულ კარს მიღმა, რის შესახებაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუშიც ისაუბრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა უთხრა, სამი მილიონი ხართ, სამ-ოთხ დღეში ყველას ვერ ამოგხოცავენ, შეგიძლიათ, პარტიზანულად ტყეში გახვიდეთ, დაგეხმარებით, იქიდან იომეთო.
„ასეთი და სხვანაირი საუბრებიც იყო ზოგი სერიოზული ადამიანებისგან და ზოგიც - არასერიოზულისგან. ხანდახან რთული იყო გარკვეული საკითხების სერიოზულად მიღებაც კი. [უკრაინაში] ომის დაწყებიდან პირველი წელი სხვა არაფრით ვიყავით დაკავებულები სხვადასხვა ვიზიტის დროს, რომ აგვეხსნა, რატომ არ შეგვიძლია, რატომ არის ჩვენთვის ეს [სანქციების დაწესება] რისკი. ომი რას ნიშნავს, ტყვიები როგორ ცვივა, ხალხი როგორ იხოცება და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია უცხოური დახმარების, დაცვის გარეშე ამ რისკის საკუთარ თავზე აღება. მართლა ამ დონის საუბრები იყო. ახალი დაწყებული ომია და კიევს მიმდგარია რუსეთი და მე პირადად საუბარში ასეთი რამეც მითხრეს, რომ თქვენ ნუ შიშობთ, ცხინვალიდან არტილერია თბილისს არ მისწვდებაო. მე ვუთხარი, 2008 წლის ფოტო თუ გაქვს ნანახი, გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის და კიო, საიდან ისროლეს-მეთქი, თუ იცი, საქართველოდან არ უსვრიათ-თქო. ზოგიერთს ხანდახან ან ჩვენ ვეგონეთ სულელები, ან თავს ისულელებდნენ, მაგრამ ასეთი საუბრებიც იყო და ბევრი სხვა საუბარი, რომელიც კიდევ უფრო მძიმე იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.