„15 სექტემბერს ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა პასუხისმგებლობას ეხებოდა, დეტალურად განვმარტეთ, თუ რატომ არის აგენტურული ქსელის ორი წარმომადგენელი − გახარია-ხაზარაძე უშუალოდ ნაცმოძრაობის დანაყოფებზე არანაკლებ საშიში ჩვენი ქვეყნისთვის“-ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი. ამასთან, თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რომ უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს და მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი.
„ეს აღინიშნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუშიც, სადაც მან საკუთარი გუნდის ყოფილ წევრზე განაცხადა, რომ გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა და მისი გადადგომაც სწორედ გარედან მიღებული დავალება იყო, იმისათვის, რათა ხელისუფლება ჩამოშლილიყო და ძალაუფლება კოლექტიურ ნაცმოძრაობას აეღო ხელში. ივანიშვილმა გახარიას სამომავლო პასუხისმგებლობის დაყენების შესახებაც გააკეთა განცხადება და სწორად მიანიშნა, რომ ქვეყნის ღალატი უნდა იყოს დასჯადი. სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან სწორედ იმიტომ ამოიღო, რომ მომავალში ამ მუხლით თვითონ არ გასამართლებულიყო, ხოლო უკანა რიცხვით ამ მუხლით მისი გასამართლება ვეღარ მოხერხდებოდა. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ისჯება! ამასთან, თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რომ უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს და მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი“-ნათქვამია განცხადებაში.