„27-შიც იქნება მცდელობები, რომ ქვეყანაში გარკვეული არეულობები მოაწყონ, მაგრამ ვიდრე ქვეყნის შიგნით გვყავს ის აგენტურა, აი ის უსამშობლო ძალა, რომელსაც მთელი ოპოზიციური ველი აქვთ დაკავებული, ყოველთვის არსებობს რისკები, რომ გარკვეული პროცესები ისევ და ისევ გამოიყენონ ქვეყნის დასაზიანებლად, პოლიტიკური დაძაბულობის შემოსატანად, რევოლუციური სცენარების მოსაწყობად და ა.შ.“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც საშუალებას შექმნის ერთხელ და სამუდამოდ რადიკალთა ის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს.
„მოსახლეობის მხრიდან გვჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმდაგვარი, რაც კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ საკითხი, რომ ძალა, რომელიც არის ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ისე როგორც ეს ხდება ბევრს სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად. ამ სახის პასუხისმგებლობაზე არის საუბარი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, რადიკალური ძალა მზად არის საკუთარ ინტერესებს გადააყოლოს ქვეყანა, მათ შორის გადმოიტანონ მეორე ფრონტი საქართველოში.