სუს-ის ჩანაწერები ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს, „ქართული ოცნება“ ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს, სინამდვილეში კი ორგანიზატორი მათი ხალხი იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას არ შეიძლება სხვა მიზანი ჰქონდეს, გარდა წინასაარჩევნო წარმატების მიღწევისა.
„წინა შემთხვევაში როგორც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა, დაახლოებით ახლაც მსგავსი რაღაც შეიძლება იყოს, როგორც მაშინ ვფიქრობდი, რომ ამის ინიციატორი თავად სუს-ში იყო, ახლაც მთავარი გამომჟონავი თუ საჯაროდ გამომდები სუს-ის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი იქნება.
ახლანდელი მიზანი წინასაარჩევნოა. რა მიზანი აქვს, არ ვიცი, რა გამოქვეყნდება, მერე ვნახავთ, მაგრამ ახლა არ შეიძლება, რამე სხვა მიზანი ჰქონდეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, გარდა წინასაარჩევნო წარმატების მიღწევის. მაგალითად, როდესაც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა, ეს იყო ეკლესიის დაშინების მცდელობა და მის ავტორებს, შეიძლება, კიდეც გამოუვიდათ, ამჯერად რა არის მიზანი, ვერ გეტყვით. ჯერ გამოქვეყნდეს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა. როცა რაღაცას იღებ და ვერ უვლი მერე, ესეც პრობლემაა. ასევე პრობლემაა, რა ვერსიაც მე მგონია, რომ ასეთი რაღაც გადაიღო და მერე შენ თვითონ გამოდო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ყალბი რევოლუციური სცენარის შექმნითა და სხვისთვის გადაბრალებით „ქართული ოცნება“ ეცდება ახალი ტიპის შეზღუდვების გამართლებას.
„მე ზოგადად მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს, რომ ვითომ რევოლუციას უწყობენ და სინამდვილეში ორგანიზატორი მათი ხალხი იქნება. მერე ვითომ ეს რევოლუცია არ გამოვა, „ქართული ოცნება“ დაძლევს ამ გარემოებას და ამას ვიღაცას დააბრალებენ, რევოლუციას გვიწყობდნენო და გაამართლებენ ახალი ტიპის შეზღუდვებს.
ეს მგონია უფრო ზუსტი, ვიდრე ის, რომ რაღაცნაირად ახლა სუს-ის ჩანაწერებმა, სუს-ის გარეშე, გარეთ გამოჟონა. წინანდელი გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს. ეს ჟონავს მაშინ, როცა სისტემას უნდა, რომ გამოჟონოს. არ ვიცი, ოპოზიციას სუს-ში ჰყავს თუ არა ვინმე ჩანერგილი და იქიდან გამოიტანეს თუ არა, ეს ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ კარგა ხანია მას შემდეგ, რაც სუს-ი „ქართული ოცნების“ ხელში შეიქმნა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას, რომლებშიც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულება.