ამ ქვეყანაში სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს - ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განუცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი.
„მეტი რა მხილება სჭირდება „ქართულ ოცნებას“? ამერიკა, ევროპა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი - მასთან ურთიერთობა ყველას შეწყვეტილი აქვს. აი, კიდევ რით უნდა ამხილო, მართლა ეს მავნებელი ძალა? ახლა მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. კითხვა დავსვათ, რას აკეთებს სუს-ი საქართველოში? რომ იცოდეთ, თქვენც გაკონტროლებთ, მარტო ჩვენ კი არა. ვისაც სამთავრობო მედია ჰქვია, იმათაც აკონტროლებს, თქვენც გისმენთ, ხომ იცით,რომ გისმენთ? ხომ იცით, რომ რამეს სხვანაირად თუ იტყვით, მერე შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოთ, ეს რატომ თქვიო.[ამიტომ] ვის ვატყუებთ? სუს-ი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ კონტრდაზვერვა, დაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური. სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გარშემო ახლა ფოტოებს გვიღებენ. ის აღარ იარსებებს. აღარავინ მოგისმენთ თქვენ (ჟურნალისტებს), ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელს, თქვენც კი, არავინ მოგისმენთ.იცოდეთ, თქვენც გისმენენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, 5 ნომრის მხარდაჭერა არის ევროკავშირის გარანტირებული მხარდაჭერა, ხოლო 41 ნომრის მხარდაჭერა არის სვლა იზოლაციისკენ და ჭაობისკენ, რაზეც ყველა პარტნიორი საუბრობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
„ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.