ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილს ჰკითხეს „კურიერის“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორი ითხოვს, დარეგულირდეს თანხების შედინება ტელეკომპანიაში და ე.წ. შავ ფულზე საუბრობს.
„ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით. ისინი ერთსა და იმავე მეთოდით მოქმედებდნენ „რუსთავი 2“-ში, თუ „მთავარ არხში“. ამ [საჩივრის] კონკრეტული შემთხვევის დეტალები არ ვიცი. რაც ვნახე, თავად კომპანიაშია შიგნით დავა ამ საკითხთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, სახეზეა მამხილებელი, რომელიც შიგნიდან ამხელს იმ თაღლითურ სქემებს, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაშია. შესაბამისმა უწყებებმა ეს უნდა შეისწავლონ, თუმცა თავად ეს კარგად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე - თაღლითებთან, რომლებიც ფულის გათეთრებით, შავი ფულის მედიაში შემოდინებით, ცდილობენ შეიქმნან მედიამენეჯერების, თუ ჟურნალისტების ანტურაჟი.
გვახსოვს ჩვენ, ისეთ აბსურდამდე მივედით, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ტელევიზიებს დასდევდა და ხურავდა, წარმოგვიდგენდნენ როგორც ტანჯულ ჟურნალისტს, რომელიც უნდა განთავისუფლებულიყო ციხიდან და სამწუხაროდ ამას მიაღწიეს. ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებიდან მაშინ მოხდა ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა და ჩარევით მოხდა ნიკა გვარამიას შეწყალება. ადამიანებს როდესაც აქვთ უკანონობის სტილი, შემდეგ ამ სტილს აღარ სცილდებიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შავი ფულის გათეთრება „ნაცმოძრაობაში“ - სქემაზე „მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი ალაპარაკდა.