ჩვენ გვყავს ჩვენი მთავრობა, ავია თუ კარგია, ჩვენ ვირჩევთ იმას, როგორი მთავრობა გვეყოლება ჩვენ, - განაცხადა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„იყო ასეთი გამოთქმა - „არა ბიჭო, მოსკოვს დავეკითხები“. ჩვენ გავიარეთ ასეთი პერიოდი და სწორედ იმიტომ არ მოგვწონდა, რომ ეს იყო უხეში ჩარევა ჩვენს ცხოვრებაში. მახსოვს სკოლის პერიოდიც, როდესაც ბორჯომს რომ გაცდებოდი, ვარძიაში წამსვლელთა ნუსხაც კი იყო შეთანხმებული გარკვეულ სტრუქტურებთან. ამიტომ არ მოგვწონდა. ჩვენ გვყავს ჩვენი მთავრობა, ავია თუ კარგია, ჩვენ ვირჩევთ იმას, როგორი მთავრობა გვეყოლება ჩვენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც გარედან გვიყიჟინებენ, არის ის, რომ დეპოლარიზაცია შეამცირეთო. ეს დეპოლარიზაცია არის ჯოხი, რომელსაც ორი ბოლო აქვს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა, აქ ჩვენ არ ვგულისხმობთ მათ მხარდამჭერებს (ჰიტლერსაც ჰყავდა მხარდაჭერები), შეიძლება ისინი იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, ნათესავები, ოჯახის წევრებიც კი, ჩვენ მათ არ ვერჩით, ცხადია. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ეს, როგორც მოვლენა უნდა დამთავრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რანაირად უნდა დასრულდეს დეპოლარიზაცია?! სიტყვას ჯადოსნური ძალა აქვს. ადამიანური ბოდიში რომ ვიღაცას მოეხადა ჩვენ შეიძლება ბევრი რამ გვეპატიებინა, მაგრამ ეს არ შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავეებს“, - აღნიშნა ოგბაიძემ.