„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც საქართველო უპირობო ლიდერია და საზოგადოებას გააცნო საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება.
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 11 წლიანი პროგრესით, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი ფრანგული ორგანიზაციის IPSOS-ის ანგარიში ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან. დაფიქსირებული შედეგი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების სასამართლოების საშუალო ნდობა, რაც დაახლოებით 55% შეადგენს. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ საშუალო ევროპულზე მაღალია დღეს სასამართლოზე ნდობა ქართულ საზოგადოებაში.
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. არადა კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც საკუთარ ჯიბეს, ისე უყურებდა. მათმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა, რვა მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად და ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა იმ ქართულ სასამართლოში განიხილება, რომელმაც „იფსოსის“ მიერ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე - მესამე, ევროპაში კი - პირველ ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 12 წელში რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა მსოფლიოს ყველა ქვეყნებს ვედრებით და საუკეთესო ხუთეულშია სიღარიბის შემცირების ნაწილში“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არის იმ პროგრესის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ხელისუფლებამ ქართველი ხალხის გვერდში დგომით მიაღწია.
„სწორედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც შთამბეჭდავია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.
ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია - უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით, ეს უკვე მეორეა 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით საუკეთესოა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი რომ დავამატოთ, იმიტომ, რომ 2029 წლამდე გააკეთა კვლევა სავალუტო ფონდმა, 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და ხელგაწვდილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული გაერთიანებული ოჯახის წევრი. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.