სახეზე გვაქვს ქართველი ხალხის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დაიზაფროს, თითქოს ყველა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის, თითქოს ჩვენს ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება და ამის ფონზე მაინც გააკეტონ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“.
მან უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველოს მიმართ უცხოელი აქტორების, მათ შორის ჟოზეფ ბორელის განცხადებას შეეხებოდა. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ასეთი განცხადებები მცდელობაა იმის, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გადარჩეს.
„სამწუხაროა როდესაც ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს. განსაკუთრებით სამწუხაროა როდესაც მაგალითად მოლდოვას გვადარებენ სადაც უბრალოდ გაუქმებულია ყველა ოპოზიციური პარტია, სადაც საერთაშორისო შეფასებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ კორუფციის მაღალი დონეა, ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ისეთი მოცემულობებია, რაც დემოკრატიას არ შეესაბამება და ამ დროს გვადარებენ ჩვენ, თითქოს საქართველოში შავი ღრუბლებია ჩამოწოლილი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშემწყობ განცხადებებს. ეს არის იმის მცდელობა, რომ კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს, რომ როგორმე ქართველი ხალხი მოტყუვდეს. სახეზე გვაქვს ქართველი ხალხის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დაიზაფროს, თითქოს ყველა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის, თითქოს ჩვენს ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება და ამის ფონზე მაინც გააკეთონ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანი. ნებისმიერი ასეთი განცხადება ხელს უწყობს იმას, რომ ქართველი ხალხი და შესაბამისად „ქართული ოცნება“ხალხთან ერთად გაერთიანეს და იდგეს მყარად ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენს ქვეყანაში დამთავრებულია დრო, როდესაც ვინმე მითითებების შესაბამისად მოქმედებდა. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ნებისმიერი ქმედება ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის ინტერესებს, შესაბამისად, ყოველთვის ქართველი ხალხის არჩევანია „ქართული ოცნება“, ხალხმა უკვე რვაჯერ გააკეთა ეს არჩევანი და მეცხრედაც გაკეთდება ეს არჩევანი 26 ოქტომბერს. მას შემდეგ რაც დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები, ასევე აშშ-ში, მას შემდეგ რაც დასრულდება საქართველოს გარშემო ომის ქარცეცხლი და შესაბამის გავლენიან ჯგუფებს აღარ ექნებათ სხვა ინტერესები, შეიცვლება ნებისმიერი ნარატივი და დაუბრუნდება ურთიერთობები იმ კალაპოტს, რომელსაც ჰქვია ორ თანაბარუფლებიან სუბიექტს - საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის ურთიერთობა.
ქართველი ხალხი როდესაც ისმენს, რომ სხვამ უცხოეთში უკეთ იცის რა არის ქართველი ხალხის ნება და ინტერესი, ამას იღებს როგორც შეურაცხყოფას. არ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრა, რომ თეთრი შავია და უსაფუძვლოდ განაცხადო, რომ დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს, ხოლო კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიის შუქურაა. ქართველ ხალხი ასეთი განცხადებებით უფრო ერთიანდება და უსამართლობის წინაშე მეტად აღიმაღლებს ხმას. ნებისმიერი აქტორის მცდელობა, რომ ჩვენ შიდა საქმიანობაში ჩაერიოს, ემსახურება იმას, რომ კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გადაირჩინოს პოლიტიკურად, ეს საპირისპიროდ მოქმედებს და ქართველ ხალხს აძლევს იმ არჩევანის გაკეთების უფლებას და ვალდებულებას, რომ აირჩიოს ის ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელია და არა უცხოური ძალების ინტერესების გამტარი; არა აგენტურას მისცეს ხმა, არამედ ჩვენ ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს მისცეს ხმას, იმ ძალას, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობის გარანტორია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, ეკონომიკა გაზარდოს და არა იმ ძალას, რომელიც ითხოვს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ჩამოვშალოთ ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოვიღოთ თურმე მილიარდნახევარი. ხაზარაძეს ჰქონდა ამის სურვილი, რომ ამოეღო ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ეს თანხა და საკუთარ ჯიბეში ჩაედო. ზუსტად ამის მცდელობა აქვს გახარიას, რომელიც შემადგენელია იმ აგენტურული ქსელია, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია“, - განაცხადა გორდულაძემ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველო მოლდოვას შეადარა და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოლდოვასთან შედარებით, შავი სურათია.