„საქართველოში ძალიან სერიოზული მიზნები გვაქვს. რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ასევე, ვგეგმავთ 15 ობიექტის გახსნას თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ამჟამად დაპროექტების, ან მშენებლობის ეტაპებზეა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, რომელმაც გადაგვაწყვეტინა თქვენს ქვეყანაში ინვესტირება. გარდა ამისა, საქართველო რეგიონში გამოირჩევა სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით“, - განაცხადა Accor-ის დეველოპმენტის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ბონემ, რომელიც აჭარის რეგიონში, ციხისძირში Accor-ის ჯგუფში შემავალი ხუთვარსკვლავიანი ბრენდის Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიას დაესწრო.
ფილიპ ბონეს შეფასებით, საქართველოს ტურისტულ სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს მთავრობის თანმიმდევრული და წარმატებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართულია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს როგორც არსებული, ისე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას.
„ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო ბათუმთან ახლოს ისეთი მშვენიერი რეკრეაციული ადგილის არსებობა, სადაც მთისა და ზღვის ჰაერი ასე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის იდეალური ადგილი დასასვენებლად და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ასეთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობა“, - აღნიშნა ფილიპ ბონემ.
„საქართველო Accor-ის ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტები, რომლებსაც თქვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვახორციელებთ, იქნება წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის პოპულარიზებას და მეტ ცნობადობას ევროპის, ამერიკისა და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე“, - განაცხადა Accor-ის დეველოპმენტის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„Accor-ი სტუმარმასპინძლობის სექტორის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია ევროპაში და მოხარული ვართ, ვიყოთ თქვენი ქვეყნის პარტნიორები, განსაკუთრებით, პრემიუმ-კლასის ტურიზმის განვითარების პროცესში“, - აღნიშნა ფილიპ ბონემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.