ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს.
„უკვე დიდი ხანია, მოცემულობა ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია. პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან. ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში - ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის რაღაც პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის პერსპექტივას შეინარჩუნებს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისევ მოიპარავენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს, გააყალბებენ არჩევნებს და ამით კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება, რა თქმა უნდა, მათ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ამას საქართველოს მოქალაქეები ყველას დახმარების გარეშეც მოახერხებენ”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.
ბორელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.