ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.
მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო პროექტი, რომელიც უცხოეთში ქართული კულტურის გატანას ემსახურებოდა, დიდი პოლიტიკური სირთულეების ფონზე განხორციელდა.
„იყო სირთულეები მაშინაც, როცა ქართული კულტურის გატანა გვინდოდა საზღვარგარეთ. ჩვენ ძალიან დიდი მასშტაბური პროექტები განვახორციელეთ. მაგალითისთვის - ნიკო ფიროსმანის ორი ძალიან დიდი გამოფენა გაიმართა ბეილერის ფონდში, შვეიცარიაში და დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ორივე შემთხვევაში, თავად ამ ორი პრესტიჟული ევროპული მუზეუმების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ამ გამოფენების ვიზიტორთა რიცხვმა მათ საუკეთესო მოლოდინებს გადააჭარბა. ასევე, კრაკოვში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით „ქართული ხელოვნება“, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური გამოფენაა საქართველოს შესახებ და ასახავს მის კულტურასა და ისტორიას ოქროს საწმისიდან დღემდე“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მან ისაუბრა პროექტ „ევროპალის“ შესახებ, რომელიც წულუკიანის თქმით, სერიოზული პოლიტიკური სირთულეების ფონზე განხორციელდა.
„იყო ძალიან დიდი, საერთაშორისო პროექტი, სახელად „ევროპალია“, აქაც სერიოზული პოლიტიკური სირთულეები იყო, რაზეც მე აქამდე არ მისაუბრია. ახლად დანიშნული გახდით, როდესაც ემისრები, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან. ოთხი მეცნიერი, მაღალი დონის წარმომადგენელი და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა. მე ამას შევეწინააღმდეგე, იმიტომ, რომ ჩემთვის, ერთი ქართველისთვის, აღარაფერს ვამბობ მინისტრისთვის, არაერთი მიუღებელი რამ ეწერა ამ ე.წ. საგზაო რუკაზე. დავსვი კონკრეტული კითხვები, რომ რატომ არ არის წარმოდგენილი სხვადასხვა მიმართულება, ის, რაც ტრადიციულად ქართველი ადამიანის თვალში ასახავს მის კულტურას საუკუნეების განმავლობაში. მათ მიპასუხეს, რომ მათთვის არ არის საინტერესო ქართველი რას ფიქრობს საკუთარ კულტურაზე, მათთვის საინტერესოა, ევროპელს დაანახონ მათთვის რა არის საინტერესო ქართულ კულტურაში. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
მე დღესაც მწამს და ამ ხედვის შესაბამისად ვმართეთ ეს სამინისტრო, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ ქვეყნის გარეთ უნდა გაიტანო ის, რაც შენ მიგაჩნია, რომ არის შენს შესახებ საუკეთესო და არა ის, რასაც მასპინძელი ქვეყანა გიკარნახებს. აქედან დაიწყო სერიოზული პრობლემები, რომელიც არ იყო ხილული და „ევროპალიამ“ ყველასთვის, გარეშე თვალისთვის, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში წარმოუდგენელი წარმატებით ჩაიარა და ჩვენი კულტურის ყველა მიმართულება და ხელოვნების დარგი იყო სათანადო დონეზე წარმოდგენილი.
მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური. ბევრი კონფლიქტის შედეგად, სხვა არაფერი ჰქვია თუ არა, ვაიძულეთ, რომ არა მხოლოდ „ბასიანი“, არამედ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო კამერული გუნდი, იგივე სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ჩაბრძანებულიყო. რეალურად, ეს იყო ის კონცერტები, სადაც არც ბილეთი იშოვებოდა და როგორც იტყვიან ხოლმე სალაპარაკო ენაზე, დარბაზი დაინგრა“, - განაცხადა წულუკიანმა.
ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ვატიკანში სამების საკათედრო ტაძრის გუნდის კონცერტიც სახელმწიფოს ხელშეწყობით შედგა.
„ვატიკანში იყო კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, სადაც სიქსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა სამების საკათედრო გუნდმა. მაშინ მას არ ჰქონდა სახელმწიფო სტატუსი და ამის შემდეგ მიენიჭა მათ ეს სტატუსი. თუმცა, რა თქმა უნდა იქ ჩვენი ხელშეწყობით და ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იყო გუნდი ჩასული. ეს საერთაშორისო პროექტები იყო, რომლებსაც დიდი გამარჯვებები და წარმატებები ხვდა წილად, მაგრამ იყო პოლიტიკური წინააღმდეგობებით სავსე, როდესაც შენ გარედან გკარნახობენ, რა უნდა ჩაიტანო შენი კულტურის შესახებ“, - აღნიშნა წულუკიანმა.