ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნის პერიოდში ერთ-ერთ ელჩთან შეხვედრა გაიხსენა.
„ელჩმა გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, რომ „მე მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“.
ეს იყო ძალიან პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ დღეს რომ ყვირის და იყო უკმაყოფილო ჩემი მმართველობით და ახლა უკვე „ქართული ოცნებით“, ყველა იყო ამ სიაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან გაიხსენა, რომ კონკრეტულ ელჩთან უსიამოვნო საუბარი ჰქონდა.
„ავუხსენი, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება იმიტომ, რომ ქართული კულტურა მხოლოდ ეს 5-6 ადამიანი არ არის, ის არის გაცილებით უფრო ფართო. როდესაც მე ვუთხარი, რომ თქვენს სიაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც მაგალითად ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ის გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ, რომ „თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის“. აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა, რეალურად მე წავიყვანე ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც და დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის.
ამით ვცდილობ, აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ - კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ეს ამბავი საჯარო პირველად მოყვა.
მისი შეფასებით, ეს არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა.
„საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მას მეორე დღესვე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ და ეს იქნება სწორი, ვინაიდან ამას ითვალისწინებს სწორედ ვენის კონვენცია, სადაც დიპლომატებს უწერიათ ადგილ-სამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქცევის წესები, რაც ამ შემთხვევაში იყო დარღვეული", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.