ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის თავხედური ლობიზმით ნაკარნახევი დოკუმენტი - 26 ოქტომბერს ამ დოკუმენტის ავტორებს ქართული საზოგადოება პასუხს დაუბრუნებს

ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის თავხედური ლობიზმით ნაკარნახევი დოკუმენტი - 26 ოქტომბერს ამ დოკუმენტის ავტორებს ქართული საზოგადოება პასუხს დაუბრუნებს

ეს არის თავხედური ლობიზმით ნაკარნახევი მერამდენე დოკუმენტი. ამას საზოგადოება ნათლად აფასებს და 26 ოქტომბერს პასუხს დაუბრუნებს ამ დოკუმენტის ავტორებს , - განაცხადა „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

„რეზოლუცია, სადაც საუბარია, რომ ლგბტ პროპაგანდა და გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, სადაც საუბარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიის გზაზე ერთ-ერთი ჩვენი კომპასია და ამ ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეც არის საუბარი, ამას საზოგადოება 26 ოქტომბერს ნათელ პასუხს გასცემს.

ის ჩანაწერი, განცხადების დონეზეც, რაც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, ნაკარნახევია კოლექტიური გიგაურების, კოლექტიური ლომჯარიებისა და „ნაცმოძრაობის“ დანაყოფების მიერ, რომლებიც უცხოეთში თავიანთი პატრონების კარზე დადიან და ამას მოუწოდებენ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ევროპელი დეპუტატები კვლავ ითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ.