გიორგი გახარიას პარტიიდან - „საქართველოსთვის“ წასულები პარტიის შიგნით არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. ისინი სახელფასო დავალიანებაზე საუბრობენ, ასევე, აღნიშნავენ, რომ გახარიას პარტიას თანამოაზრეები „ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის გამო გაემიჯნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იაზროვნეს“ დამფუძნებელი, პარტია „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრი გიორგი კარანაძე აცხადებს, რომ დღესაც კავშირი აქვს ბევრ ადამიანთან, რომელმაც პარტია სწორედ ამ პრინციპების გამო დატოვა.
„ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობდნენ მთელი გულით და სულით და ძალიან დიდ ენერგიას დებდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების დროს, უბრალოდ, უხელფასოდ დატოვეს. ისეთი კოალიციები შეიკრა საკრებულოებში, რომ მე იმ პარტიაში ვერ გავჩერდებოდი. ისეთი რაღაც გაუკეთეს ჩემს ოჯახს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებულ ვერც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ვერ დავიჭერ ვერანაირ კავშირს. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს დღეს კავშირი, ვინც იქ იყო და აღარ არის იმიტომ, რომ იგივე პრინციპების გამო წამოვიდნენ პარტიიდან“, - განაცხადა გიორგი კარანაძემ.