ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ კვლევის შედეგებზე: ე.წ. ედისონის კვლევები ქვეყნდება ხოლმე „ფორმულას“ მიერ და ჩვენ მას ობიექტურად ვუწოდებთ კეზერაშვილის სიზმრებს და „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა გვარამიას სიზმრები

ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ კვლევის შედეგებზე: ე.წ. ედისონის კვლევები ქვეყნდება ხოლმე „ფორმულას“ მიერ და ჩვენ მას ობიექტურად ვუწოდებთ კეზერაშვილის სიზმრებს და „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა გვარამიას სიზმრები

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა და ამ შედეგებს „გვარამიას სიზმრები“ უწოდა. მისი განცხადებით, ეს ხელით დაწერილი შედეგებია.

„რეალურად ეს არის რასაც უწოდებენ, ხელით დაწერილი. ე.წ. კვლევის შედეგები. ე.წ. ედისონის კვლევები ქვეყნდება ხოლმე „ფორმულას“ მიერ და ჩვენ მას ობიექტურად ვუწოდებთ „კეზერაშვილის სიზმრებს“ და „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა გვარამიას სიზმრები. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გაიყვანეს გვარამიას პარტია პირველ ადგილზე ოპოზიციაში, და გადაასწრებინეს „ნაციონალური“ მოძრაობისთვის. ხელით წერენ ასეთ შედეგებს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფასი არ აქვს, მით უმეტეს, რომ საზოგადოებამ გამოცდილება შეიძინა. ვერც ერთ წინა შემთხვევაში მათი კვლევები ვერ ახერხებდა არჩევნების შედეგების გამოცნობას, აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ აქაც უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი.

ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობდით საზოგადოებასთან მოსალოდნელ შედეგებზე, ვეუბნებოდით სიმართლეს. მე შეგახსენებთ ჩემს განცხადებებს - 2016 წელს ვსაუბრობდი იმაზე, რომ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, რაც ნიშნავს დაახლოებით 50%-ს და მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 48.2%. ასევე, 2020 წელს ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 90 მანდატს ველოდებოდით და ისე დაემთხვა, რომ ავიღეთ ზუსტად 90 მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. 2021 წელს მე ვამბობდი, რომ ჩვენ ვფიქრობდით, 2020 წლის არჩევნების შედეგების გამეორებას და მხოლოდ 1%-იანი იყო ცდომილება ამ ორ არჩევნებს შორის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვამბობთ ხოლმე, ის ყოველთვის მართლდება იმიტომ, რომ არასდროს არ ვატყუებთ არც საკუთარ ამომრჩეველს და არც ზოგადად საზოგადოებას. და ახლაც, როცა ვამბობთ, რომ დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით ვაკეთებთ ამ ყველაფერს იმიტომ, რომ როცა დადგება 26 ოქტომბერი,, საღამო, საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო და არ უნდა შეგრცხვეს, როცა 30%-ს უქვეყნებდი „ქართულო ოცნებას“ და აღმოჩნდება, რომ 60% მიიღო. თუმცა, მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ აქვთ და არც თვალის გასწორების პრობლემა არ ექნებათ, ალბათ. უბრალოდ, ურცხვი ადამიანები არიან, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამართლდა - „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ.

კვლევაში გვარამიას პარტიას 18% დაუწერეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 14%, გახარიას - 10%, ხაზარაძის პარტიას - 8% და „ქართულ ოცნებას“ - 38%.