ირაკლი კობახიძე: წინასწარ ვულოცავ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას

ირაკლი კობახიძე: წინასწარ ვულოცავ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას

წინასწარ ვულოცავ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციების შესახებ.

„ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი პატარა რგოლი იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“ აქ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი - რა თქმა უნდა, მის ჩართულობას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე, მაგრამ აუცილებლად საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს.

ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ზოგადად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არის ეუთო/ოდირის არაერთი დასკვნა, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ - სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მით უმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ინსტიტუტის შენობას იყენებს, იმისათვის, რომ გაიხსნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო – ასეთი განცხადება გააკეთა. სინამდვილეში ერთად მოუწევთ, იზეიმონ ძალიან მძიმე, მორიგი მეცხრე მარცხი, რასაც განიცდის აუცილებლად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.