ლორა თორნტონი ანგარიშში აღიარებს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა

ლორა თორნტონი ანგარიშში აღიარებს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა

„ევროკავშირმა შესაძლოა განიხილოს ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, თუმცა ეს საკამათო თემაა, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებდა მისიას, რომ ეს ქმედება რეალურად ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგებს აჩვენებდა, - აღნიშნულია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის ლორა თორნტონის ანგარიშში.

აღნიშნულ ჩანაწერს ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში ვხვდებით, სადაც ავტორი აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებს, არჩევნების წინ ზომების მიღებისკენ და „ქართული ოცნებისთვის“ ე.წ სიგნალის მიცემისკენ მოუწოდებს.

ანგარიშში, სადაც ოპოზიციის სისუსტეების აღწერას საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა, გაცემულია რეკომენდაცია რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა განიხილოს პირადი და ფინანსური სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ კონკრეტული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის.

ლორა თორნტონის რეკომენდაციაა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის დახმარების სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ დებულებების შეუსრულებლობაში, მათ შორის შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების კომპენსირების ხარჯებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ვხვდებით ჩანაწერს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასთან და არჩევნების შემდგომ განვითარებული შესაძლო სცენარების თაობაზეც. დოკუმენტში წერია,რომ არჩევნების შემდეგ აშშ და ევროკავშირი უნდა მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის და არასტაბილურობისთვის, იმოქმედონ არჩევნების შეფასებისას და მომავალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ერთსულოვნად.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის ლორა თორნტონის ანგარიში ძირითადად არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სუბიექტურ შეხედულებებზეა დაფუძნებული.