ლორა თორნტონის ანგარიშის თანახმად, ქართველები მართებულად არიან შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან

ლორა თორნტონის ანგარიშის თანახმად, ქართველები მართებულად არიან შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, საქართველოში გასამართი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საარჩევნო გარემოს და საზოგადოების განწყობებს მიმოიხილავს.

თორნტონი, ყურადღებას ამახვილებს ომისა და მშვიდობის თემაზე და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებს წარმოაჩენს როგორც ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანს.

„მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია, რომელსაც ისინი მთლიანად „კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობად“ მოიხსენიებენ, საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს.“ - ვკითხულობთ ანგარიშში სადაც ნათქვამია, რომ ეს მძლავრი გზავნილია, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით.

„რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან.“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირთან შეერთებას „საკუთარი პირობებით“, ღირსეულად აპირებენ. ანგარიშის თანახმად, მმართველი გუნდი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრები არალიბერალური ქვეყნებიც არიან და საქართველო შეიძლება შეუერთდეს ისეთი ქვეყნების რიგებს, როგორიც უნგრეთია.

„როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა, არჩევნები არის არჩევანი „ომსა და მშვიდობას“, „მონობასა და დამოუკიდებლობას“ და „მორალურ დეგრადაციასა და ქრისტიანულ ღირებულებებს შორის“.“ - წერს თორნტონი ანგარიშში და რეკომენდაციას აძლევს ოპოზიციურ პარტიებს, კამპანიაში ჩართონ და გაავრცელონ გზავნილები, რომლებიც „ომის საფრთხის“ პრევენციას მოახდენს.