იაგო ხვიჩია: სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება - ანუ „ოცნება“ ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი? - საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზონ

იაგო ხვიჩია: სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება - ანუ „ოცნება“ ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი? - საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზონ

სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება - იმის თქმა, რომ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს პოლიტიკურად არ ენდობოდა, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როცა სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო.

„მგონი, პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია - სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება. ამ „ნიუსის” გამოფენის მიზანი არის, რომ ხალხს აჩვენონ, რომ სააკაშვილი ისეთი უცნაური ადამიანი იყო 2016 წელს, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ადამიანი დაიქირავა. თორემ, თუ არ გაქვს იმისი მტკიცებულება, რომ ამ თვალთვალის მერე შემდეგი ნაბიჯი ბომბის დამონტაჟება იყო, რა კავშირშია აფეთქებასთან ის, რომ ვიღაც უცნაური ადამიანი სრულიად უცნაური გარემოებებით უთვალთვალებდა.

იმის თქმა, რომ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს არ ენდობოდა პოლიტიკურად, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ.

ვერ გეტყვით გივი თარგამაძე 2016 წელს ვისთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში და ღალატობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. არც ერთი გამიკვირდება და არც მეორე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხშირად ღალატობენ. ვინაიდან გივი თარგამაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს და სათანადოდ არ ვიცნობ, მას ვერაფერს დავაბრალებ. ანუ “ოცნება” ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი? შეიძლება შუღლის დათესვა უნდათ “ნაცმოძრაობის” შიგნით, მაგრამ როცა სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.