ჩვენი ამოცანაა, ზუსტი და დახვეწილი დიპლომატია ვაწარმოოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან და პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვთან არ გადაიქცეს კვლავ რადიკალიზაციად, რომელიც გვახსოვს და რომელმაც მიგვიყვანა 2008 წლამდე, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ.
მისი თქმით, ანალიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა.
„როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ ბევრს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, არსებობს ეროვნული, სახელმწიფოებრივი აზროვნება, არსებობს დინჯი, ღრმა მიდგომა სერიოზული საკითხებისადმი. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და გავიგებთ, რა გამოწვევების წინ ვდგავართ.
გეოპოლიტიკას, საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო ურთიერთობებს არ აინტერესებთ ემოცია, არ აინტერესებთ სიმპათია, აქ არის მწარე გათვლები და ეს მწარე გათვლები გამომდინარეობს კრიტიკული სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე. ამას აკეთებს რუსეთი, ამას აკეთებს აშშ. ვხედავთ, რომ აშშ მსოფლიოში უშიშროების პოლიტიკას ავრცელებს. აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ძალიან ფარისევლურ პოლიტიკას. ეს უნდა მივიღოთ, რადგან დიდ სახელმწიფოებს შორის ფარისევლობა ეს არის საერთაშორისო სისტემაში დღის წესრიგი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამაში არ გავეხვიოთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.