„26 ოქტომბერი სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია, როდესაც სიკეთემ ბოროტებას, მშვიდობამ ომს, პატრიოტიზმმა სხვების მსახურებას, დამოუკიდებლობამ ვასალობას, საღმა აზრმა ლგბტ პროპაგანდას უნდა სძლიოს. ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის დასაცავად“-განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს, დაემალნენ საკუთარ ხალხს, მაგრამ სად დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდით, რომ ასე თვალნათელი გახდებოდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი. დღეს სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილია ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ქართველებს ეს ბრძოლა არაერთხელ გამოგვივლია და სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე, რომ ყოველთვის გვიგრძნია ის მომენტი, როდესაც ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა უნდა გვეთქვა“.-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.