შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენს ბედს

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენს ბედს

„ძვირფასო აჭარლებო, უძველესი ქართული მიწა-წყლის ღირსეულო შვილებო.  რამდენიმე დღეში გაიმართება არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, გავაგრძელებთ თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების გზას, თუ კიდევ ერთხელ შეგვაბრუნებენ ომების, ნგრევის და უიმედობის დაუსრულებელ წრეზე“-ასე მიმართა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.

პაპუაშვილის თქმით, „ბათუმი, აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს პირველი გზა; რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა; რას ნიშნავს კავშირი მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის“.

„როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ამას ყველა ბუნებრივ მოცემულობად, მის შენარჩუნებას კი იოლ საქმედ მიიჩნევს; მაგრამ როცა მშვიდობას კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად ფასდაუდებელი, ძნელად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია. ბედის უკუღმართობით, ეს გრძნობა ქართველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დაგვეუფლა.  თითოეულ ჩვენგანს გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა გავიგეთ რომ ცხინვალში, თბილისში, სოხუმში, შემდეგ ისევ ცხინვალში, კოდორში ტყვია გავარდა. ყველას გვახსოვს ის დამთრგუნველი შეგრძნება, როდესაც გავიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო. ყველას გვახსოვს როგორ ერთ წამში ფერმკრთალდებოდა ერთი ჩვეულებრივი ლაღი დღე და ვხვდებოდით, რომ შავ-თეთრი რეალობა დგებოდა. კიდევ ერთხელ ძაძებში იმოსებოდნენ დედები; კიდევ მეტად პატარავდებოდა მიწა-წყალი სადაც სალოცავად მისვლა შეგვეძლო; კიდევ ერთხელ ნანგრევებიდან აღსადგენი ხდებოდა ქვეყანა ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც. 

 დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომები და ნგრევა თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, რომელიც უცაბედად თავზე გვეცემოდა ქართველებს; და თითქოს ერთადერთი რაც შეგვეძლო, ამ ბედისწერასთან შეგუება იყო. თუმცა ბოლო 12-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენს ბედს. დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლება ქართველი ხალხის და არა სხვათა ინტერესებს მიჰყვება, მაშინ საკუთარ ბედზე ძალაუფლებაც ქართველი ხალხის და არა სხვათა ხელშია. სწორედ ამიტომ არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ჩვენს ხელში ავიღეთ.“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.