„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში

მოგესალმებით მეგობრებო! მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო!

მივესალმები ქობულეთს, ქედას, ხულოს, შუახევს, ხელვაჩაურს!

მივესალმები ჩვენს ულამაზეს ბათუმს!!!

იხარია, რომ ამდენ გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს ვხედავ. ეს არც არის გასაკვირი, ისტორიის მანძილზე აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც.

ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში.  ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად.

ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია  აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში.

ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე.

გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან.

ისიც გვახსოვს,  2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები "დემოკრატიის შუქურას".  ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული, ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ, მაგრამ გაძლევთ პირობას ჩემო აჭარლებო, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება არასდროს. ჩვენ ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ.  დემოკრატიით, განვითარებით, მშვიდობითა და წინსვლით.

რაც ხდებოდა 2012 წლმადე საქართველოში, ამ ყველაფერს "დემოკრატიის შუქურად" აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია-  კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. აქაც მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება" ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს ასე იყო 2012 წლის შემდეგ, ასეა დღესაც და  ასე იქნება მომავალშიც.

ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა.  უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება.  თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.

ამისთვის კი საჭიროა, "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად,  საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად.

ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი.

დაიმახსოვრეთ, 26! 26 არის ჩვენი  რიცხვი!

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ამ ქვეყნის მომავალი!

გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!

გაუმარჯოს საქართველოს!

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!