ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნესი არის თავისუფალი, გვაქვს მშვიდობა, ეს ძირითადი ფაქტორები გვაძლევს ეკონომიკის სწრაფად განვითარების საშუალებას

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნესი არის თავისუფალი, გვაქვს მშვიდობა, ეს ძირითადი ფაქტორები გვაძლევს ეკონომიკის სწრაფად განვითარების საშუალებას

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჩარჩო პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი, ბიზნესი არის თავისუფალი, გვაქვს მშვიდობა, ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც გვაძლევს ეკონომიკის სწრაფად განვითარების და იმ ოპტიმისტური  პროგნოზის წარმოდგენის საშუალებას, რომელიც ჩვენს პროგრამაში იყო ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაო ადგილები მარტო ორ-ნახევარ წელიწადში 170 ათასით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შემოსავალი გაუჩნდათ.

„ამ 2,5 წელიწადში უკვე არის კონკრეტული 170 ათასი პირი, ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც სამსახური არ ჰქონდა და ახლა აქვს სამსახური. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ 170 ათას ადამიანზე და მათი ოჯახის წევრებზე გადანაწილდა ძალიან კონკრეტული სიკეთე. გარდა ამისა, საშუალო ხელფასს რაც შეეხება, იყო 712,5 ლარი 2012 წელს, რაც უკვე არის გაზრდილი 2005 ლარამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით, 3 500 ლარამდე გაიზრდება ოთხ წელიწადში, ეს უტყუარი მონაცემებია. ეს ადამიანები არიან გადასახადის გადამხდელები და მათ შეაქვთ თანხები ბიუჯეტში. ეს 170 ათასი სამუშაო ადგილი რომ დაემატა, 170 ათასით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ბიუჯეტში შეაქვთ თანხა. სამჯერ აქვთ გაზრდილი ხელფასები ამ წლების განმავლობაში. სამჯერ მეტი საშემოსავლო გადასახადი შეაქვთ ამ ადამიანებს სახელმწიფო ბიუჯეტში. იმდენად დიდი ფარსია ის, რომ 20-25 ადამიანი მდიდრდება იმით, რომ 28 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ეკონომიკა და 90 მილიარდი ლარი გახდა - ჯერ ერთი, ეკონომიკა არ არის ნაღდი ფულის რაღაც გროვა, რომ ვიღაცამ აიღოს და სახლში წაიღოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იზრდება წარმოება, პროდუქცია და სერვისების მოცულობა.

„მაგალითად, ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი ეხებოდა სასტუმროებს. 777 სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში და 2 600 გადააჭარბა სასტუმროების რაოდენობამ. ამ სასტუმროებში არიან დასაქმებული ადამიანები, იღებენ ხელფასებს, აქვთ შემოსავლები, იხდიან გადასახადებს და ა.შ. ეკონომიკის ზრდა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სიკეთე შედის მოსახლეობის დიდ ნაწილში. აქ რა თქმა უნდა, რჩება მოსახლეობის ნაწილი, რომელზეც სამწუხაროდ, საერთოდ არ აისახა ეკონომიკის ზრდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სიღარიბის ნაწილშიც სერიოზული გაუმჯობესება, მილიონ 120 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა ვინც ცხოვრობდა 2012 წელს და ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 440 ათასამდე.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ 440 ათასი ადამიანი ცხოვრობს კვლავაც სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებამდე ეს სიკეთე ჯერ ვერ მივიდა. აქ მანიპულირება მეორე მხრიდან ადვილია -  გეუბნებიან, რომ არის 440 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც გაიზრდება ეკონომიკა და ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა, 130 მილიარდ ლარამდე 4 წელიწადში ეკონომიკის ზრდა, იქ უკვე მაქსიმუმ 150 ათასი ადამიანი იცხოვრებს სიღარიბის ზღვარს მიღმა. საბოლოო ჯამში ჩვენ თანმიმდევრულად, წლიდან წლამდე მივდივართ სიღარიბის განულებამდე, რაც ხდება პირველ რიგში სწორედ ეკონომიკის ზრდის შედეგად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, აბსოლუტურად რეალურია, რომ 150 ათასს ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის, ხოლო უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულამდე შემცირდეს.

„ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, მათ შორის გვექნება საგანგებო პროგრამები, რაც გაგრძელდება, გაფართოვდება იგივე „აწარმოე საქართველოში", სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ენერგეტიკაში დიდი ინვესტიციები გვექნება, ტურიზმის სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ ზომებს მიიღებს, რათა ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.