„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ამ პროექტის ხმის მიცემა მხოლოდ იმას დაგვანახვებს, რამდენად ღრმად და ფართოდ არის ფესვგადგმული ევროპელ პარლამენტართა მენტალიტეტში უკუსვლა კლასიკური დემოკრატიიდან“.
კაკაბაძის შეფასებით, საბჭოთა სისტემის მსგავსად, დღევანდელი ევროპარლამენტარები გამოხატვის თავისუფლებასაც ზღუდავენ, თუ ეს მათი მსოფლმხედველობის სტანდარტებში არ ჯდება.
ნანა კაკაბაძის თქმით, რეზოლუციის ავტორები ვერც გრძნობენ, რომ მოწოდება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხება, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცინვა და უკიდურესი შეურაცხყოფაა.
„დემოკრატიის უკუსვლა ევროპაში
„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ - ასეთი სახელწოდების რეზოლუციის პროექტი მოამზადა 14-მა ევროპარლამენტარმა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ყოფილა კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში გენდერული კვოტების გაუქმება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი.
აღნიშნული დეკლარაციის პროექტი, რომელიც 14-მა ევროპარლამენტარმა შეადგინა (მომავალში გამოჩნდება, ანგარების რა ფორმები ამოძრავებდათ მათ), ნათლად აჩვენებს, რამდენად გაიდგა ფესვები ევროპაში ლიბერალურმა ფაშიზმმა, ხოლო ამ პროექტის ხმის მიცემა მხოლოდ იმას დაგვანახვებს, რამდენად ღრმად და ფართოდ არის ფესვგადგმული ევროპელ პარლამენტართა მენტალიტეტში უკუსვლა კლასიკური დემოკრატიიდან. მათი ქმედებები ასევე გვაჩვენებს, თუ რამდენად ემსგავსებიან თანამედროვე ევროპელი პოლიტიკოსები აზროვნების სტილით საბჭოთა ბიუროკრატებს და ფუნქციონარებს.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ასევე დემოკრატიის უკუსვლად მიიჩნევს „ქართული ოცნებისა“ და პროსამთავრობო მედიის მხრიდან ანტი-ევროკავშირისა და ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდას, ასევე შეთქმულების თეორიებს.
ეს ძალიან წააგავს კომუნისტური სისხლის სამართლის კოდექსში დაფიქსირებულ ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის მუხლს, რომლის მიხედვითაც, „ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული“ სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდა და მასზე ცილისწამება („შეთქმულების თეორია“) დასჯადი იყო.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, დემოკრატიის უკუსვლადაა მიჩნეული „ქართული ოცნების“ დამახინჯებული და ძალადობრივი რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება „ამაზრზენი პოლიტიკური ბანერები“ რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინული ქალაქების გამოსახულებით, რითაც „პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებს მამაცი უკრაინელების ტანჯვის გამოყენებით“.
საბჭოთა სისტემის მსგავსად, დღევანდელი ევროპარლამენტარები გამოხატვის თავისუფლებასაც ზღუდავენ, თუ ეს მათი მსოფლმხედველობის სტანდარტებში არ ჯდება. ამ შემთხვევაში, ისინი გვეუბნებიან, თუ ჩვენს მეზობელს გაზის ბალონთან ასანთის გაკვრის გამო სახლი დაეწვა და შენ საკუთარი ოჯახის წევრებს აფრთხილებ, გაზის ბალონთან ასანთი არ უნდა გაკრაო, თურმე ეს „ამაზრზენი“ და ასანთის გამკვრელი „მამაცი მეზობლების“ ტანჯვის გამოყენება ყოფილა საკუთარი მიზნებისთვის.
ასევე დიდი ცოდვა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევა ყოფილა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „საქართველო არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ აღკვეთს მათ გვერდის ავლას საკუთარ ტერიტორიაზე; დემოკრატიის უკუსვლის დასტურად განცხადების ავტორები იმასაც მიიჩნევენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა სავაჭრო და ბიზნეს თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთს შორის, 100 000-ზე მეტი რუსი გადავიდა საქართველოში საცხოვრებლად, გახსნა 26 000-ზე მეტი ბიზნესი, შეიძინა უძრავი ქონება და ჩაერთო საქმიანობებში, რომლებიც ქმნის ფულის გათეთრების რისკებს; ვინაიდან ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და ზრდის მის დამოკიდებულებას რუსეთზე“.
ამით ევროპარლამენტარები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით პოლიტიკის წარმოება „დემოკრატიის უკუსვლა“ ყოფილა, მაშინ, როდესაც თვითონ ევროპის სახელმწიფოებში საქართველოზე მეტი რუსიც არის გადასული საცხოვრებლად, უფრო მეტ ბიზნესსაც ხსნიან და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არც სანქციები დაუწესებიათ რუსეთისთვის. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საქართველო მათთვის დაბალი ღობეა და ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მათი ბრძანებების შესაბამისად არ მოქმედებს.
რეზოლუცია „კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების საშუალება“.
რეზოლუციის ავტორები ვერც გრძნობენ, რომ ასეთი მოწოდება საერთოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცინვა და უკიდურესი შეურაცხყოფაა, რადგან გვეუბნებიან, სისხლის სამართლის დანაშაულის მრავალი მუხლით მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ უნდა გაათავისუფლოთ, რომ „ჩვენი ბიჭია“ (ანუ ჩვენი ყველა დავალების შემსრულებელია), ხოლო მისი დამნაშავეობა (და თქვენი სახელმწიფოც) ფეხებზე გვკიდია. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ავადაა და მხოლოდ უცხოეთში მკურნალობა სჭირდება, მერე რა, რომ თვითონ მათ მიერვე აქ გამოგზავნილი კომისიაც კი ვერ ამბობს ამას და თვითონ სააკაშვილიც აღარ უჩივის ჯანმრთელობას.
ბოლოს, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან, გარანტირებული იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას; მოუწოდებს, გაუქმდეს საჯარო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების მმართველი პარტიის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკა; დაჟინებით მოითხოვს, რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არჩევნების სამართლიანობის დასაცავად არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გაფართოებისკენ“.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც ამდენი დამკვირვებლის წინაშე მართლაც ობიექტურად და სრული გამჭვირვალობით ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების გამარჯვება დაფიქსირდება, სწორედ მათი დამკვირვებლები იყვირებენ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ყველაზე ხმამაღლა, რომ არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამით დაადასტურებენ აშკარად და თვალსაჩინოდ, თუ რა დონემდეა მისული დემოკრატიის უკუსვლა ევროპაში.“-წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.