ევროპარლამენტის რეზოლუციას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც არის მორიგი დემონსტრირება ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედური ჩარევის.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ არის პირველი რეზოლუცია და ალბათ არ იქნება ბოლო, ჩვენ ბევრი ასეთი უსამართლო რეზოლუციის პროექტი თუ თავად რეზოლუცია გვინახავს. გახსოვთ, ორი წლის წინ, როცა ჩვენს ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი-ორი კვირით ადრე მიიღეს ანალოგიური შინაარსიის უსამართლო, მე ვიტყოდი, სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც იყო დაახლოებით ანალოგიური შინაარსის მესიჯები, რომ დაასანქცირეთ ბატონი ივანიშვილი, გამოუშვით სააკაშვილი, კეზერაშვილი მოხსენიებული იყო, როგორც მედიის მენეჯერად და არ მისცეთ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს რეზოლუცია იყო ორი წლის წინ, ხალხს რომ გავახსენო.
ახლა, სწორედ ორი კვირით ადრე, ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მორიგი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედური ჩარევისა. ამას დავარქმევდი თავხედურ ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.