დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ფაქტს და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს უამრავი მსგავსი ქველმოქმედება აქვს გაწეული ბოლო წლების განმავლობაში.
„მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან. მან ჩვენ შეგვაჩვია ამ ტიპის ქველმოქმედებას. უამრავი მსგავსი ფაქტი ფიქსირდება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, რომ ამ ადამიანმა ქვეყნის სასიკეთო საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია.
სიკეთისა და კარგი საქმეების კეთება გადამდები უნდა იყოს. შეიძლება ყველა არ იყოს მდიდარი ადამიანი, მაგრამ სიკეთის კეთება ყველას შეუძლია, ეს ძალიან მაგარია და ათმაგად, ასმაგად კიდევ უფრო მეტი პოზიტივით დაგიბრუნდება უკან. ასე რომ, მიხარია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო და ვულოცავ საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა.